საჯარო მოხელეთა პროფკავშირი ხელისუფლებას მიმართავს დაგეგმილი საბიუჯეტო შემცირების ნაცვლად ადმინისტრაციული ხარჯები შეამციროს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისში, დღეს საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაულმა პრესკონფერენცია გამართა, რომელიც აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა. ჭინჭარაულის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტით სახელფასო ფონდი 50 მილიონი ლარით არის შემცირებული, რაც 2016 წლის გეგმურ დონესთან შედარებით მხოლოდ 3,5%-ს შეადგენს. ჭინჭარაულის თქმით, ხელისუფლების მიერ გაცხადებული ადმინისტრაციული ხარჯების 10%-იანი შემცირება ბიუჯეტში არ ჩანს.
”ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 10%-იანი შემცირება დაგეგმილი არ არის. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 3,5%. ეს პროცენტი არ არის ის რაოდენობა, რომ ადმინისტრაციული რესურსების შემცირება საჭირო იყოს. ამ მოცულობის თანხები შესაძლებელია გამოიძებნოს ადმინისტრაციული რესურსების შემცირების ხარჯზე და მაქსიმალურად მოხდეს დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება”, - განაცხადა ჭინჭარაულმა.
მისივე თქმით, სამსახურიდან შესაძლოა 30 000-მდე ადამიანი გათავისუფლდეს, მათი კომპენსაციისათვის კი ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარზე მეტი იქნება საჭირო. როგორც საუბრისას ჭინჭარაულმა აღნიშნა, თუ მოხდება სამსახურებიდან გათავისუფლება, ისინი ასეთ ადამიანებს დახმარებას პირდებიან.