საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და შპს „ენერგოტრანსის“ 2017 წლის ტარიფები დაამტკიცა. როგორც სემეკ-იდან იუწყებიან, ტარიფები 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
„19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის, შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2017 წლის ტარიფების დადგენის თაობაზე კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტები განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2017 წლისათვის შეადგენს 0.872 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო დისპეტჩერიზაციის ტარიფი - 0.082 თეთრი/კვტსთ-ს; შპს „ენერგოტრანსის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისთვის - 0.387 თეთრი/კვტსთ-ს , 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისთვის - 0.496 თეთრი/კვტსთ-ს. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე და მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის; შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია განთავსდა კომისიის ვებ გვერდზე. www.gnerc.org”, - აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.