24 დეკემბერს კულტურის ცენტრ "მუზაში" საშობაო ფესტივალი"ბულბული მარკეტი" გაიმართება. ფესტივალი ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
როგორც ასოციაციაში იუწყებიან, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტი, ღვინო, კერძები, ხელნაკეთი ნივთები და სათამაშოები საახალწლო საჩუქრებისთვის. ფესტივალს ერთგვარი საშობაო ბაზრობის სახე ექნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, მზარეულები, მეღვინეები, კონდიტერები, ფერმერები, ხელოვანები, რომლებიც სიამოვნებით გაგაცნობენ თავიანთ შემოქმედებას. დახლებზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ტრადიციული ქართული კერძები: საცივი, შემწვარი გოჭი, ელარჯი, ღვინო, ჭაჭა, ცხელი ალკოჰოლური სასმელები და ა.შ. ასევე, ევროპული და აზიური სამზარეულოს შედევრები.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება - ღვინის დეგუსტაცია, საბავშვო გასართობი პროგრამა, საშობაო ლატარეა, ცეკვა, მუსიკა და სხვა სიურპრიზები.
„ბულბული მარკეტი“ არის „ღვინის ტურიზმის ასოციაციის“ პროექტი, რომელიც ქართველ მომხმარებელს დროის გატარებისა და განტვირთვის ახალ ევროპულ ფორმატს სთავაზობს. „ბულბული მარკეტის“ წინა - ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალი, 2016 წლის 5 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში ჯანსაღი კვების, ეკო-პროდუქტებისა და ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია, აგრეთვე აგრო მწარმოებლების მხარდაჭერა იყო.