ხილის წვენების მწარმოებელი კომპანია ”სობისური” მომავალი წლიდან წარმოების გაზრდასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებას აპირებს. როგორც ”სობისურის” გაყიდვების მენეჯერი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, კომპანიამ შემოთავაზებები მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა ყაზახეთთან შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა.
”სობისური” ამ დროისთვის ვაშლისა და ყურძნის წვენს, ასევე ვაშლის ძმარს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვების მენეჯერის, ნიკა აწკარუნაშვილის თქმით, საწარმო პროდუქციის ძირითად ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს. ქვემო სობისში დამზადებული წვენებით ამ ეტაპზე ტურისტული მაღაზიები მარაგდება.
”საზღვრისპირა სოფელში სოციალური საწარმოს დაარსების ძირითადი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება იყო. დასაწყისში საზღვარგარეთიდან მოწვეული ტექნოლოგები ასწავლიდნენ ჩვენს თანამშრომლებს. დღეისათვის კი მათ უკვე მოახერხეს მეწარმეების უნარჩვევების განვითარება,”-აღნიშნავს ნიკა აწკარუნაშვილი.
საწარმო ”სობისური” 2012 წელს დაფუძნდა. დღეისთვის კომპანიაში 21 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წლიური წარმადობა რამდენიმე ათასი ბოთლი ხილის წვენი და ვაშლის ძმარია.
ქრისტინე გამთენაძე