ფოთში, ღრმაფსკერიანი გემების მოძრაობის პროცესი ჯერ არ აღმდგარა. ფოთის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურის უფროსის, ნავსადგურის კაპიტნის, ვახტანგ თავბერიძის იფორმაციით, ამ დროისთვის ნავსადგურის კუთვნილებაში არსებულ მიწახაპია „ნიკო ნიკოლაძესთან“ ერთად, არხის გამაღრმავებელ სამუშაოებს გემი ,,ასტრა“ ახორციელებს, რომელიც ნავსადგურმა ერთ-ერთი ლიტვური კომპანიისაგან დაიქირავა.
მისი თქმით, პორტში ვითარება გაუმჯობესებულია, რადგან შემოსასვლელი არხის სიღრმე 6,7-მდე გაიზარდა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის რეიდზე დგას და ნავსადგურში შესვლას ელოდება 4 კონტეინერმზიდი.
“ერთი კონტეინერმზიდი ბათუმში გადამისამართდა, რადგან მასში მალფუჭებადი პროდუქტი იყო მოთავსებული. იქ დაიცალა და კვლავ აქეთ დაბრუნდა,“ - აღნიშნა ვახტანგ თავბერიძემ.
თავის მხრივ, ტვირთგადამზიდი კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, შექმნილი ვითარებით სერიოზულად ზარალდებიან, რის გამოც ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ.
მათი თქმით, პორტის ადმინისტრაციას დროულად უნდა მიეღო ზომები და არხის გაწმენდა უზრუნველეყო.
როგორც ცნობილია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ ფაქტობრივად, პორტის პარალიზება გამოიწვია.