„თიბის ბანკის“ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ აქციების გაყიდვას უკვე მოჰყვა ექსპერტების გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამ ფაქტს მეტი განმარტება სჭირდება.
“თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აქციების გაყიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა.
”ის ფაქტი, რომ მენეჯმენტმა თავისი რამდენიმე აქცია გაყიდოს და იმ თანხით სახლი, ბინა ან ნებისმიერი სხვა რაღაც შეიძინოს, ნორმალური ფაქტორია. არც ერთი ძირითადი აქციონერი ”თიბისიდან” არ გასულა და გასვლას არც აპირებს”- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
“თიბისი ბანკის” მენეჯმენტის მიერ აქციების გაყიდვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, გაყიდის თუ არა მფლობელი აქციას, ეს მისი უფლებაა. ”შეთქმულების თეორიებს ვერ დავუჯერებ ამ შემთხვევაში. როგორც წესი, მენეჯმენტი ფლობს ხოლმე აქციების გარკვეულ რაოდენობას. მათ აქციებს ზოგჯერ ბონუსად აძლევენ. მათგან, ვინც აქციები აღნიშნულ პერიოდში გაყიდა, უმრავლესობა წლებია ”თიბისი ბანკში“ მუშაობს. ვფიქრობ, მათ დაუგროვდათ აქციების გარკვეული რაოდენობა, რაც ფულად აქციეს. ვერაფერს დავუკავშირებ, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სხვა ბანკებშიც ასე ხდება,”-აღნიშნა გიორგი კეპულაძემ. დამატებით ინფორმაციას არ ფლობს არც დავით ასლანიშვილი. ეკონომიკის ექსპერტს უჭირს პასუხის გაცემა თუ რატომ გაყიდა „თიბისის“ მენეჯმენტმა აქციები. ”მენეჯმენტს წილობრივად საკმაოდ მცირე რაოდენობის აქცია ჰქონდა. მსხვილი აქციონერები აქ არ ფიგურირებენ. ლონდონის ბირჟაა, ლისტინგში მყოფი აქცია აიღო და გაყიდა. ჩვეულებივი ამბავია. თუმცა, შეიძლება რაღაც რისკებიც დაინახეს და გაყიდეს. რთულია რამის თქმა კონკრეტული ინფორმაციის გარეშე“ - განაცხადა დავით ასლანიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის წევრებმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ, ოპერაციების დირექტორმა ვანო ბალიაშვილმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო და საბანკო მომსახურების მიმართულებით ნინო მასურაშვილმა მათ საკუთრებაში არსებული აქციები გაყიდეს, რომელთა საერთო რაოდენობამ 92 934 აქცია შეადგინა. აღსანიშნავია, რომ „სხვა აქციონერების“ წილი „თიბისი ბანკის“ აქციათა პორტფელში დაახლოებით 7-8%-ია. ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, „თიბისი ბანკის“ აქციების 14,8% ეკუთვნის, ხოლო მის მოადგილეს და ასევე ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს აქციების 7,4%. აქციების დანარჩენი მოცულობა კი საერთაშორისო დეპოზიტარების ხელშია.
ქრისტინე გამთენაძე