ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც კრიზისის დაძლევის ესტონურ მოდელზე საუბრობს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ქადაგიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სინამდვილეში კრიზისზე (საგარეო შოკზე) რეაგირების ესტონური მოდელია როდესაც მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რამდენიც თქვენ გიმცირდებათ შემოსავალი ორი იმდენით ჩვენ შევიმცირებთო.
ანუ:
1. თუ ვზრდით გადასახადებს 600 მილიონი ლარით, ბიუჯეტის ხარჯები უნდა შემცირდეს 1,2 მილიარდით.
2. ბიუჯეტი საშუალო ვადაში მაინც უნდა იყოს დაბალანსებული. ვხარჯავთ იმდენს რამდენიც შემოსავალი გვაქვს.
3. არ ვიღებთ შიდა ვალს.
ასე მარტივად გამოიყურება კრიზისის დაძლევის ცნობილი ესტონური გეგმა რომელსაც მოაქვს შედეგი.
ასეთი გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნება რომ აქვთ ამიტომ არიან ევროკავშირის და ნატოს წევრები. ამიტომ არიან მსოფლიო სამეულში საშუალო განათლების ხარისხით, ამიტომ ეძახიან აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავს და ამიტომ არინ მაგრები.
პ.ს. ესტონეთში 2008/09 ფისკალურმა კონსოლიდაციამ ჯამში მშპ-ს 16% შეადგინა, ამის გამო მას ხშირად ანტი-საბერძნეთს უწოდებენ,“ - წერს ქადაგიძე.