პორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დეკემბრის ბოლოს სიტუაცია გამოსწორდება.
3-დან 6 დეკემბრამდე ფოთის სანაპიროზე მომხდარი შტორმის გამო ფოთის პორტი ძალიან დაზარალდა: როგორც პორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სანაპიროზე დაგროვილი ქვიშისა და ბალასტის გამო შემოსასვლელი არხის წყლის სიღრმე შემცირდა და გემების შემოყვანა შეფერხდა. „ბიზნესპრესნიუსი“ შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით დავითიძეს ესაუბრა, რომელიც პორტში შექმნილ სიტუაციას შემაშფოთებელს უწოდებს.
„ჩვენ ექსპედიტორები ვართ და სატვირთო გადაზიდვებზე ვმუშაობთ. ძალიან დიდი ზარალი განვიცადეთ, ახლა წარმოიდგინეთ, როგორ დაზარალდნენ კომპანიები, რომლებსაც პორტში დატვირთული გემები უდგათ. ყველამ კარგად იცის, რომ შტორმი ამ სეზონზე ფოთში ყოველთვისაა, შესაბამისად, პროფილაქტიკური და გაწმენდითი სამუშაოებიც სულ უნდა ტარდებოდეს - სეზონის დაწყებამდე და მთელი სეზონის განმავლობაში. არსებობს ვერსია, რომ ეს სამუშაოები სათანადოდ არ სრულდებოდა და საბოლოოდ შემაშფოთებელი ფაქტის წინაშე დავდექით: სანაპიროზე დაგროვილი ბალასტის გამო გემები პორტში ვეღარ შემოდიან. პორტი პრაქტიკულად გაჩერებულია, რადგან წყლის დონე მინიმალურია და ასეთ წყალში გემის შემოსვლა არ შეიძლება“, - აცხადებს დავით დავითიძე.
მისი თქმით, პორტის მესვეურები ამ საშიშროებაზე წინასწარ უნდა ზრუნავდნენ, მუდმივ მონიტორინგს უნდა ატარებდნენ, თუმცა გამორიცხული არ არის ისეთი შტორმი მოხდეს, რომ სანაპირო ზოლი უმოქმედო გახდეს, მაგრამ 3 დეკემბერს ასეთი ძლიერი შტორმი არ ყოფილა.
„სიმართლე მხოლოდ ერთია - პორტში აუცილებელი სამუშაოები დროულად არ ჩატარდა, უცბად ასეთი რამ არ ხდება, თუ რაღაც უკიდურეს კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას „ ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის“ ხელმძღვანელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ფოთის პორტში შექმნილი მდგომარეობით მარტო ბიზნესი კი არა, მთელი საქართველოს ეკონომიკა ზარალდება.
„აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე იმპორტიორზე, ან ექსპორტიორზე, საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკა ზიანდება. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა, მსგავსი ფაქტების გამო ჩვენი იმიჯი ძალიან ილახება. სხვათა შორის, ფოთის პორტში არის მალფუჭებადი ტვირთები, რომელსაც უკვე დაწვა სჭირდება, რადგან გემები პორტში 3 დეკემბრიდან დგანან. მთელი დატვირთვა გადავიდა ბათუმის პორტზე, რომელსაც ამხელა ტვირთის გატარება არ შეუძლია. ბათუმის პორტი რასაც მიიღებს, ეს ზღვაში წვეთია. ახალი წლის წინა დღეებია, ძალიან ბევრ მსხვილ კომპანიას საახალწლოდ ჰქონდა დაგეგმილი პროდუქციის რეალიზაცია, ახლა კი, ეს ტვირთი როდის შემოვა, არავინ იცის. არა მარტო ის კომპანიები დაზარალდნენ, რომლებსაც მალფუჭებადი ტვირთი აქვთ ამ გემებში, არამედ ყველა. ნავთობი ჩვენ არა გვაქვს და გაზი, ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ის, რომ საქართველო სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო ლოგისტიკაა, ამიტომ ეს მიმართულება საათივით უნდა იყოს აწყობილი და შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს. მსგავსი ფაქტები კი ჩვენი ქვეყნის იმიჯზე კატასტროფულად მოქმედებს“, - აღნიშნავს დავით დავითიძე.
დავით დავითიძის შეფასებით, უფრო მეტი ხარჯია გასაწევი, რომ პორტი ასეთ მდგომარეობამდე არ მივიდეს: „ამ პორტის მფლობელი მსხვილი დანიური კომპანია „ეი პი ემ ტერმინალსია“. ამ კომპანიამ უფრო მეტი თანხა უნდა ჩადოს პორტში, რომელიც მის მფლობელობაშია. სერიოზული ინვესტიციებია საჭირო, რომ ფოთის პორტი უფრო მიმზიდველი გახდეს სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ ეს ინვესტიციები არ ჩანს, შედეგს კი ყველა ვხედავთ“.
„ბიზნესპრესნიუსი“ სიტუაციის გასარკვევად ფოთის პორტის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიკა ნადარაია იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბრის ბოლოს მდგომარეობა გაუმჯობესდება.
„კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე შემოიყვანა მიწახაპია გემი, რომლის დახმარებით უკვე შევძელით ორი დატვირთული გემის შემოყვანა. გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს ჩვენი გემი - „ნიკო ნიკოლაძეც“. ახლა უკვე მესამე გემის შემოყვანაც იგეგმება, ოღონდ ეს ისეთი გემებია, რომელთა უსაფრთხო სანავიგაციო სიღრმე 6,7 მეტრია. ჯერჯერობით, პორტში წყლის სიღრმე მეტი არ არის. შექმნილი სიტუაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პორტში გაჩერებული ყველა გემი შემოვიყვანოთ, თუმცა მიმდინარეობს სამუშაოები და 29 დეკემბრისთვის ვგეგმავთ შემოსასვლელი არხის სიგრძე უკვე 9 მეტრი იყოს. ეს საშუალებას მოგვცემს ყველა გემი მივიღოთ და პორტიც ეტაპობრივად გაიწმინდოს“, - განაცხადა ფოთის პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას.
ხათუნა ჩიგოგიძე