ჩახედეთ სემეკის გადაწყვეტილებებს, და თუ დაინახავთ კომისიაზე ზეწოლის ელემენტებს, მერე ვილაპარაკოთ კიდევ ამ თემებზე , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, დეპუტატმა მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, მარეგულირებელი კომისიის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 2013 წელს ტარიფები შემცირდა კომპანიების ხარჯების ოპტიმიზაციის გზით.
„როდესაც ვსაუბრობთ ზეწოლაზე შეგიძლია ჩახედოთ მარეგულირებელი კომისიის თითოეულ გადაწყვეტილებას და იმ განმარტებით ბარათებსა და დოკუმენტაციას, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებებს. ჩახედეთ კომისიის გადაწყვეტილებებს, დეტალურად განიხილეთ და თუ დაინახავთ იქ კომისიაზე ზეწოლის ელემენტებს, მერე ვილაპარაკოთ კიდე ამ თემებზე. ძალიან კარგად იცით რას ნიშნავს ხარჯების ოპტიმიზაცია“, - მიმართა ირაკლი ხმალაძემ რომან გოცირიძეს.