ელექტროენერგიაზე ტარიფი მცირედით, გაზზე კი უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, რთულია კონკრეტული ციფრების დასახელება, თუმცა, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმისტური განცხადებებისა, ცხადია, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელია.
„ელექტროენერგეტიკაში ტარიფის შენარჩუნება-კომპენსირების რამდენიმე გზა არსებობს. ეს შეიძლება მოხდეს საინვესტიციო კომპონენტის შემცირებით, რაც მეორე უბედურებაა, რადგან შედეგად შეიძლება მივიღოთ - სინათლე გრაფიკით და ავარიული და არაფუნქციონირებადი სისტემა. კიდევ ერთი გზაა სუბსიდირება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ტოტალური სუბსიდირების სისტემაზე გადასვლაც არაჯანსაღია.
„რაც შეეხება ტარიფებს, გაზის ნაწილში მატება უფრო დიდი იქნება, რადგან პირდაპირ მყარ ვალუტაში ვყიდულობთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქ ჰიდროელექტროგენერაციის მეშვეობით იაფი ენერგია გვაქვს. ამიტომ ტარიფი შედარებით მცირედით, სავარაუდოდ, 2-3 თეთრით გაიზრდება, გაზზე კი უფრო მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი,“- აღნიშნა ხუხაშვილმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკის მიმართულებით სამომხმარებლო ტარიფების ზრდა არ გამორიცხა.