კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულებამ 2.85-ს გადააჭარბა

ზოგიერთ კომერციულ ბანკში დოლარის ღირებულებამ 2.8550-ს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, ამ დროის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.85 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა 2.77-ად შეუძლიათ.

„თი-ბი-სი ბანკში“ დოლარის ყიდვა 2.81-ად, მისი ჩაბარება კი 2.7320 ლარად არის შესაძლებელი.

„ლიბერთი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენის ფასი 2.8550, ხოლო მისი გაყიდვის ფასი - 2.7550 ლარია.

„ვითიბი ბანკში“ კი დოლარის შეძენა 2.8550-ად, ხოლო მისი გაყიდვა 2.7550 ლარადაა შესაძლებელი.

დღის განმავლობაში ბანკებში კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. კურსის ცვლილება ბანკებში „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დოლარის ვაჭრობის შედეგების პარალელურად ხდებოდა. ცნობისთვის, „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა დღეს 1 დოლარი 2.8062 კურსით დასრულდა. ვაჭრობა კი დოლარი 2.7900 კურსით გაიხსნა. დღის განმავლობაში „ბლუმბერგზე“ 1 აშშ დოლარი 2.8138 ლარადაც ივაჭრებოდა, რაც მისი მაქსიმალური ღირებულება იყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარია. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ 4 პუნქტით გაუფასურდა.