ირაკლი კობახიძე - ის, რაც ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, საგარეო ფაქტორების დამსახურებაა

ის, რაც ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, სწორედ საგარეო ფაქტორების დამსახურებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. „არის კონკრეტული საგარეო ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე. ეს არის არსებული კონტექსტი, რეგიონული კონტექსტი... ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსის დევალვაცია პირდაპირ განაპირობებს ჩვენი ვალუტის კურსის დევალვაციას. ეს არის ყველაზე სამწუხარო მოვლენა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გარე ფაქტორების მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილური კურსი. ამას ემსახურება სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმა და ყველა ის სამთავრობო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მოსმენის საკითხი, კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დადგება.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვები, არაერთი მსჯელობა, დისკუსია სამთავრობო გუნდის წევრებთან. მოვისმინეთ მთავრობის მოსაზრება იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებს ლარის კურსის დევალვაციას. მთავრობის პოზიცია დამაჯერებელი იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დღეს ასეთი ინიციატივა არ დადგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოვლენების დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში გვექნება დამატებითი კონსულტაციები სამთავრობო გუნდის წევრებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.