საქართველოში კანონში ”საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილება შედის. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, უმცროს ექიმს , რომელსაც 2015 წლის 1-ელ ოქტომბრამდე აქვს დაწყებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის ფარგლებში მზადება, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მიეცემა უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მას დასრულებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი.
კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის განმარტებით, კანონში კიდევ ერთი ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, ტერმინი „პროფესიული რეგულირების საბჭო“ ტერმინით „პროფესიული განვითარების საბჭო“ ჩანაცვლდება.
„ეს ძალიან სერიოზული - ადამიანური რესურსების მართვის თემაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ექიმთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე კვალიფიციურ ექთანთა რაოდენობა. გარკვეულ სპეციალობებში გვაქვს დეფიციტი. ამ შემთხვევაში, შემოთავაზებული ცვლილება დისკუსიის გახსნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული კანონის მუხლს და პრინციპს და ამ მუხლსაც ეს მსჯელობა არ შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ, რომ გთავაზობთ, უახლოეს პერიოდში, ადამიანური რესურსების საკითხზე, საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სწორედ ადამიანური რესურსების განვითარების თემაა ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ. დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
დღესვე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები - „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განხილვისთვის წარადგინა.
იმ ცვლილების თანახმად, რომელიც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოება ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. 2016 წლის 1 დეკემბრამდე საარსებო შემწეობის დაკავებული თანხა, აგრეთვე, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მანვე კომიტეტს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზებას შეეხებოდა. საუბარია 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიაზე და მისი გაცემის გამო წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებებზე.
სახელმწიფო დავალიანების ლეგალიზებას შეეხებოდა ასევე კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მესამე საკითხი - კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილების თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. წარმოდგენილ კანონპროექტებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
დღესვე დეპუტატებმა განიხილეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, თევდორე კობახიძის განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ფიზიკური პირის, იურიდიული პირისა თუ დაწესებულებიდან მომდინარე ხმაური დადგენილ ნორმატივებს აღემატება.
„ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, დასჯადი გახდეს ქმედება, თუ ღამის საათებში შემღწევი ხმაური 30 დეციბელის სრულ ნორმას გადააჭარბებს, ხოლო დღის საათებში - 40 დეციბელს. აღნიშნულ საკითხის კონტროლი, წარმოდგენილი პროექტით, უნდა დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს. შემოტანილია სამსაფეხურიანი შკალა - გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში - დაჯარიმება, მესამედ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში - სანქციის გაორმაგება“,- აღნიშნა თევდორე კობახიძემ.
მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების კითხვებს. კომიტეტის წევრები აღსრულების მექანიზმებით დაინტერესდნენ. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, კანონპროექტი დროული და მნიშვნელოვანია და ევროკავშირის რეგულაციებსა და დირექტივებს შეესაბამება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმჯობესია, რეგულირება ღამის საათებში ხმაურს შეეხოს. მისი პოზიცია გაიზიარა აკაკი ზოიძემ.
„მიმაჩნია, რომ უნდა დავიწყოთ ღამის რეგულაციით. არსებობდეს ნორმატივი დღის ხმაურის თაობაზეც, მაგრამ კონკრეტული ადმინისტრაციული სანქციები, ამ შემთხვევაში, დაწესებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ღამის ხმაურის შემთხვევაში და არ არის გამორიცხული, ასევე, დავაზუსტოთ თვითონ ხმაურის სახეობაც, თუ ამის აუცილებლობას ვხედავთ. მანამდე გავივლით კონსულტაციებს ექსპერტებთან“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.