აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა, - იუწყება BBC.
სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა შვიდი ფიზიკური პირი და რამდენიმე ათეული ორგანიზაცია, ასევე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი ხომალდი.
კერძოდ, სიაში მოხვდნენ: მიხეილ დედოვი, მიხეილ კლიშინი, კირილ კოვალჩუკი, დიმიტრი ლებედევი, დიმიტრი მანსუროვი, ოლეგ მინაევი და ევგენი პრიგოჟინი. სიაში მოხვედრილი პირების თანამდებობებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო არ აზუსტებს.
სანქციები დაუწესდა კომპანიებს - „ტრანს-ფლოტს“, „ყირიმის რკინიგზას“ და „ყირიმის პორტებს“, ორ ტანკერს, რომელიც კომპანია „ტრანს-ფლოტს“ ეკუთვნის. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შეზღუდვები დაუწესა კომპანია „ნოვატეკის“ და „როსსელხოზბანკის“ 26 შვილობილ სტრუქტურას.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის ჯონ სმიტის განცხადებით, „სანქციების მიზანია რუსეთზე ზეწოლის განხორციელების გაგრძელება, რათა რუსეთმა იგრძნოს ყირიმის ოკუპაციის ფასი და ასევე შეფერხებების შექმნა მათთვის, ვინც მხარს უჭერს ძალადობასა და არასტაბილურობას უკრაინაში“.