შუახევის ოთხ სოფელში გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება

შუახევის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, ნაღვარევში, ინწვირეთში, წაბლანასა და ზემოხევში მისასვლელი საავტომობილო გზის გაწმენდა ყინვის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი თითქმის სამ მეტრს აღწევს.

შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ცნობით, მძიმე ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს, თუმცა შეფერხებას ყინვა იწვვევს. ებრალიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ყველა სოფელთან მისასვლელი გზა სრულად გაიწმინდება.

"ეს ოთხი სოფელი მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღლა მდებარეობს და თოვლის საფარიც დიდია. ამას ემატება ყინვა, რაც მძიმე ტექნიკას მუშაობაში საგრძნობლად აფერხებს. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში საავტომობილო მოძრაობა ამ ოთხ სოფელში აღდგება, რაც შეეხება იქ მცხოვრებლებს, ჩვენ მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს", - განაცხადა შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ.