თითოეული ჩვენგანი დავემსგავსეთ საფონდო ბირჟის ბროკერებს - მუდმივად შევცქერით ტაბლოებს, ტელეფონებს, ტელევიზორის ეკრანს, თუ როგორია ლარის კურსი, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ლარსი კურსის ვარდნა მძიმედ აისახება მოსახლეობაზე.
”დღეს ყველასთვის სალაპარაკო თემა არის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში და ფინანსურ სექტორშია შექმნილი. მართალია, მთავრობამ გვირჩია, რომ ლარის კურსს მაინცდამაინც არ მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ თავად ლარის კურსი გვაქცევს ყურადღებას და ძალიან მძიმედ აისახება ყველას ცხოვრებაზე. თითოეული ჩვენგანი დავემსგავსეთ საფონდო ბირჟის ბროკერებს - მუდმივად შევცქერით ტაბლოებს, ტელეფონებს, ტელევიზორის ეკრანს, თუ როგორია კურსი. რა არის აქედან გამოსავალი? - მუდმივი დისკუსია უნდა გვქონდეს ამ საკითხზე და არ უნდა ვერიდებოდეთ საუბარს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმემ პანიკა უნდა დათესოს, მაგრამ პროფესიული და პოლიტიკური დისკუსია აუცილებელია”, - განაცხადა წერეთელმა.
დეპუტატის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ვერ გაამართლა და საჭიროა უფრო კომპეტენტური მოქმედება.
”მთავრობის სიმშვიდე არ არის დამცავი ინსტრუმენტი, რაც თავიდან აგვაცილებს ლარის გაუფასურებას. რაც არ უნდა ვაკეთოთ განცხადებები, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არის კარგი საქართველოსთვის, დადებითია მიმდინარე ბალანსი, ამას ვერავინ ხედავს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, უფრო კომპეტენტური ნაბიჯებია გადასადგმელი. მარტო მესიჯებით მანიპულირება არაფერს მოგვცემს. ლარიზაციის საკითხმა, სესხების სუბსიდირებამ, პირიქით, მეტად დააფრთხო ხალხი, რომ ლარს პერსპექტივაში შესაძლოა კიდევ უფრო რთული ბედი ჰქონდეს.
ამიტომ, ბევრი რამ შევთავაზეთ ხელისუფლებას. იმასაც ვამბობდით, რომ ეს არ არის ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის ბრალი, როგორც აბრალებდნენ წინა პერიოდში ქადაგიძეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ, მთავრობა ამ კვირაში შეგვხდეს და გავიაროთ პროფესიულად ეს საკითხი”, - განაცხადა წერეთელმა.