"თი-ბი-სი ბანკს" ნიდერლანდების განვითარების ფინანსურმა კომპანიამ (FMO) 55 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო.
სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, "თი-ბი-სი ბანკი" მიიღებს 25 მილიონ აშშ დოლარს 7 წლის ვადით, ხოლო "თი-ბი-სი-ს" შვილობილი კომპანია, "ბანკი რესპუბლიკა" - 30 მილიონ აშშ დოლარს, 5 წლის ვადით.
მხარეებმა შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი "თი-ბი-სი ბანკის" სათაო ოფისში მოაწერეს და მედიისთვის კომენტარებიც გააკეთეს.
როგორც "თი-ბი-სი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, აღნიშნული რესურსი "თი-ბი-სი ბანკს" საშუალებას მისცემს, აქტიურად განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში.
„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიასთან. ამ რესურსების საშუალებით "თი-ბი-სი ბანკი" შეძლებს, კიდევ უფრო გაამყაროს პოზიცია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში და გაზარდოს ქართული ეკონომიკისთვის ამ მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსება. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ჩვენმა ბანკებმა 240 მილიონი დოლარი შემოიტანეს ქვეყანაში,“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
FMO-ს სამოქალაქო საქმეების მენეჯერის მათაის ლაბოუნის განცხადებით, "თი-ბი-სი ბანკი" ქართული ფინანსური სექტორის წამყვანი ინსტიტუტია და 10 წლიანი თანამშრომლობა ამ ბანკთან წარმატებით გრძელდება.
„თი-ბი-სი ბანკი", თავის არსებობის მანძილზე მუდმივად მხარში უდგას და აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს, რომელიც ქართული ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვაგრძელებთ "თი-ბი-სი ბანკთან" თანამშრომლობას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. "თი-ბი-სი ბანკი" ქართული ფინანსური სექტორის წამყვანი ინსტიტუტია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი 10- წლიანი თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გასაძლიერებლად წარმატებით გრძელდება“, - განაცხადა მათაის ლაბოუნმა.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ბანკია, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. კომპანია ძირითადად აქცენტს აკეთებს სამ სექტორზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი. ბანკის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 7, 6 მილიარდ ევროს.
"თი-ბი-სი ბანკი" უკვე 10 წელზე მეტია, რაც ნიდერლანდების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ხელი მოეწერა 10 სასესხო ხელშეკრულებას $ 150 მილიონი დოლარის ჯამური მოცულობით.