ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განუცხადა. გოცირიძის თქმით, ხელისუფლება არსებული ეკონომიკური პრობლემების საკითხზე შეგნებულად იტყუება.
„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. სანამ ამას არ აღიარებს მთავრობა და სანამ არ შეეშვება ხალხის მოტყუებას, თითქოსდა ლარს აუფასურებს თურქული ლირა, მანამდე იქნებიან თვითონაც დაბნეულები, თუმცა მაინც მგონია, რომ შეგნებულად უტყუებიან. თურქეთის ლირის გაუფასურებას არავითარი გავლენა ლართან არ აქვს. არ შემცირებულა ექსპორტი თურქეთში და არ მომატებულა იმპორტი თურქეთიდან საქართველოში. არსებული სიტუაციის თურქეთზე გადაბრალება, არის კიდევ ერთხელ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ საქართველოდან კაპიტალი გარბის, არ შემოდის ინვესტიციები იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ცუდი საინვესტიციო კლიმატი. ლარის გაუფასურების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი არის ბიუჯეტი. ახლა ბიუჯეტში შემოიტანეს ცვლილებები. დარჩენილია რვა სამუშაო დღე და ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს 825 მილიონი ლარი - იმდენი, რამდენსაც 11 თვეში საშულოდ ხარჯავდა ფინანსთა სამინისტრო. ბოლო თვეებში ხდება არათანმიმდევრული, დეფიციტური ხარჯვა. ცუდი ბიუჯეტი ცუდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.