თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი ,,მართე შენი ქალაქი’’ დედაქალაქის განვითარებისკენაა მიმართული. როგორც თბილისის საკრებულოდან იუწყებიან, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ნუგზარ მალაღურაძემ აღნიშნა, პროექტი სახელწოდებით ,,მართე შენი ქალაქი’’, რომლის პრეზენტაციას საკრებულოში დღეს გაიმართება, საპილოტეა და ის დედაქალაქის განვითარებასა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლებისკენაა მიმართული.
,,აღნიშნული პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებული საქმეების გამოსწორებისთვის კეთდება და ამასთან, საზოგადოების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია’’, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
ნუგზარ მალაღურაძემ ასევე უარყო ირაკლი ნადირაძის განცხადება, რომ თბილისის მერია წინასაარჩევნოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რამდენიმემილიონიანი პროგრამის განხორციელებას გეგმავს.
,,ჩვენ რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სურვილი გვქონოდა, ამას საპარლამენტო არჩევნების წინ გავაკეთებდით. ჩვენი მხრიდან მსგავსი ქმედების შემთხვევაში კი, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი წევრი ვერ მოხვდებოდა’’, - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი პროექტის მოწონების შემთხვევაში, ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება შევა და პროექტი - ,,მართე შენი ქალაქი’’ დედაქალაქის სხვა რაიონებშიც განხორციელდება.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განცხადა, რომ თბილისის მერია წინასაარჩევნოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რამდენიმემილიონიანი პროგრამის განხორციელებას გეგმავს.
ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის მერიამ წელს საბურთალოს რაიონში განახორციელა საპილოტე პროექტი, პროგრამა ”მართე შენი ქალაქი”, რომლის ბიუჯეტი 600 000 ლარს შეადგენდა. ნადირაძის თქმით, მომავალ წელს ამ პროგრამისათვის 500 000 ლარი არის გათვალისწინებული. მან საუბრისას აღნიშნა, რომ მერია ამ პროგრამის სხვა გამგეობებში განხორციელებას გეგმავს.