"რეზონანსი" - იანვრიდან ავტოგაზის ფასი 1.40 ლარს გადააჭარბებს

ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდის პარალელურად, ავტომფლობელებისთვის ბუნებრივი აირის საცალო ფასი მკვეთრად მოიმატებს. სავარაუდოდ, იანვრიდან გაზგასამართ სადგურებზე 1 კბ/მ-ის ფასი 1,40 ლარს გადააჭარბებს.

ამჟამინდელ ტარიფში აქციზის წილი (1000 კბ/მ-ზე - 80 ლარი) 6,5%-ია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გადასახადის 200 ლარამდე გაძვირების შემთხვევაში, მისი წილი საერთო ტარიფში 16,5%-მდე მოიმატებს. ამიტომ საცალო ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. დღეს გაზგასამართ სადგურებზე 1 კბ/მ ბუნებრივი აირი, საშუალოდ, 1,20 თეთრად იყიდება, ხოლო იანვრიდან 1,40-1,50 ლარს მიაღწევს.

გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ საცალო ფასი აქციზის შესაბამისად გაიზრდება, რაც სრულიად ლოგიკურად მიაჩნიათ. ისინი "რეზონანსთან" არაოფიციალური საუბრისას აღნიშნავენ, რომ ავტოგაზის გაძვირებას, დაახლოებით, 20 თეთრის ფარგლებში გეგმავენ. სადგურების მფლობელები არც იმას მალავენ, რომ მოხმარების მაჩვენებლის კლებაც გარდაუვალია და სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლას ვერ მოახერხებენ.

აქციზის გადასახადის ფასში ასახვას არ გამორიცხავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, აქციზი არის ავტოგაზგასამართი კომპანიებისთვის პირდაპირი ხარჯი, რაც უშუალოდ აისახება ბუნებრივი აირის ღირებულებაზე.

"ავტოგაზგასამართი სადგურები, ალბათ, მოახდენენ, აქციზის გაზრდით გამოწვეული ხარჯის ფასში ასახვას. ეს გადასახადი არის კომპანიებისთვის პირდაპირი ხარჯი, რაც აუცილებლად იმოქმედებს პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე. რასაკვირველია, უნდა ველოდოთ იმავე პროცესს როგორც ეს ხდება ბენზინისა და დიზელის შემთხვევაში.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ აქციზის გაზრდით გარკვეულ პროდუქტებზე მოხმარება შემცირდება და ამით გარემოს დაიცავენ, არ მიმაჩნია სწორად. მთავრობა თავს იმართლებს, თითქოს ეს გადაწყვეტილება მოგების გადასახადის რეფორმის დასაბალანსებლად დაგეგმილი ღონისძიებაა", - განუცხადა "რეზონანსს" გვიდიანმა.

მანვე საწვავის ფასსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოსახლეობას გაზრდილი ხარჯი ტვირთად აუცილებლად დააწვება.

"რამდენად აუცილებელი იყო აქციზის ზრდა და რამდენად გამართლებულად შეიძლება ჩაითვლოს ეს პოლიტიკა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი მხრივ, ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, ბიზნესს დაუტოვა მოგების გადასახადი გასაფართოებლად, რათა მეტი ფული დარჩენილიყო ეკონომიკაში. მეორე მხრივ კი, ეკონომიკიდან ამოიღეს თანხა აქციზის ზრდით. გამოდის, რომ მოსახლეობისგან აპირებენ მიიღონ დანაკლისი. თუკი დავაკვირდებით, მომხმარებლის ხარჯზე ხდება ბიზნესის წახალისება. ეს საფუძველშივე შესაცვლელი პოლიტიკაა.

აქციზის ზრდა მტკივნეული იქნება მთელი ქვეყნისთვის და ამ უარყოფით შედეგს მწვავედ იგრძნობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ავტომობილით ინტენსიურად გადაადგილდება. გაძვირების საკითხს ხელისუფლება მეტი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა. შედეგები და სამომავლო ეფექტები გაანალიზებული უნდა ყოფილიყო, რომელსაც ახლო მომავალში აქციზის ზრდა გამოიწვევს", - აღნიშნა გვიდიანმა.

ავტოგაზის სადგურების მხრიდან საცალო ფასის მომატებას ადასტურებს ანალიტიკოსი ბექა კემულარია. გადაწყვეტილება, რომელიც აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ ძალაში შევიდა, მიუღებელია როგორც მოსახლეობისთვის, რომელსაც გადასახადი თითქმის 20%-ით უძვირდება, ასევე მეწარმეებისთვისაც. მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მეტად მომხმარებელი ზარალდება.

"რასაკვირველია, აქციზის გაძვირება თავისთავად გამოიწვევს საცალო ფასის მატებას. 1000 კბ/მ ავტოგაზზე აქციზი 1,5-ჯერ იზრდება და ასევე მოიმატებს დღგ-ის ოდენობაც, რომელიც გაძვირებულ პროდუქტზე კომპანიამ უნდა გადაიხადოს.

მომხმარებლის მხრიდან თუ შევხედავთ ამ საკითხს, მათ თითქმის 20%-ით გაუძვირდებათ ავტოგაზის საფასური. ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური ფონიდან გამომდინარე. იყო პერიოდი, როდესაც 2 ლარისთვისაც გადაუჭარბებია საწვავის ღირებულებას, მაგრამ იმ დროს მომხმარებელს ენერგიის ალტერნატიული წყარო გააჩნდა, ავტოგაზის სახით. ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე აქციზს სწორედ იმიტომ ზრდიან, რომ მომხმარებელი არ დაკარგონ თხევადი საწვავის იმპორტიორებმა. ამ შემთხვევაში მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება და არა ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები.

აქციზის გადასახადს იხდის უშუალოდ მომხმარებელი. ის, ვინც განსაკუთრებით ბევრს მოძრაობს მანქანით, მაგალითად, ტაქსის მძღოლები, სერიოზულად იგრძნობენ მომატებულ ფასს. ჩემი აზრით, ენერგომატარებლებზე გადასახადის მომატება არ არის მიზანშეწონილი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. ბევრი კომპანია თავს შეიკავებს მომავალში გაფართოებისგან", - განუცხადა "რეზონანსს" ბექა კემულარიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"