რა ბედი ელის საბანკო სესხს თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში?

ბანკიდან სესხის აღება დღევანდელობის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რთულია შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელიც კრედიტით არ სარგებლობს ან მას არ ფარავს. რა მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გარდაიცვლება, კრედიტი კი ბოლომდე დაფარული არ არის? AMBEBI.GE აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ბანკს დაუკავშირდა.

"თი-ბი-სი" ბანკის ინფორმაციით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სესხის დაფარვის ვალდებულება ოჯახის წევრებზე გადადის.

"მსესხებლის ოჯახის წევრმა, ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მსესხებლის გარდაცვალების ცნობა უნდა წარმოადგინოს. ექსპერტი სესხის პირობას ნახავს, მსესხებლის ხელშეკრულებას განიხილავს და სიცოცხლის დაზღვევის პირობების დაზუსტება მოხდება. თუ კლიენტის გარდაცვალების ვითარება დაზღვეულია, სესხის თანხა სადაზღვეოს მიერ ანაზღაურდება," - განმარტავენ ბანკის წარმომადგენლები.

მემკვიდრეობა ოჯახზე პირის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ გადადის და თუ ამ პერიოდში სესხის პირობების მიხედვით, თანხის დაფარვა არ ხდება, მას საჯარიმო თანხა ემატება. ბანკში განმარტავენ, რომ საჯარიმო თანხა პირის გარდაცვალების გათვალისწინებით ირიცხება, რაც შემდეგ მემკვიდრეებმა უნდა დაფარონ, ხოლო თუ ისინი ვერ იხდიან, შემთხვევის გადაცემა პრობლემური აქტივების მართვის კომპანიაზე ხდება.

"თუ სესხის დაფარვის თაობაზე შეთანხმება ვერ მოხდა, საკითხი, შესაძლოა, სასამართლოს გადაეცეს. განჩინება როგორი იქნება, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, თუმცა სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლომ მისი ანაზღაურება უძრავი ქონებით მოახდინოს," - აღნიშნავენ "თი-ბი-სი" ბანკის წარმომადგენლები.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, სესხის დაფარვის ვალდებულება მემკვიდრეზე გადადის.

"მემკვირდრემ პიროვნების გარდაცვალების ცნობა უნდა წარმოადგინოს, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენელი და მომხმარებელი შეთანხმდებიან, თუ როგორ და რა პირობებით უნდა მოხდეს სესხის დაფარვა," - განმარტავენ ბანკში.

იმ შემთხვევაში, თუ თანხის დაფარვას მემკვიდრე ვერ ახერხებს, საქმე ჯერ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას გადაეცემა, ხოლო ეს ღონისძიება თუ უშედეგო აღმოჩნდა, სესხის დაფარვა, ძირითადად, გარდაცვლილის ქონებრივი ნაშთიდან ხორციელდება.

"ლიბერთი ბანკის" შემთხვევაში კი საკრედიტო ვალდებულება თავმდებ პირებზე გადადის, თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ ოჯახის წევრებზე.

"ოჯახის წევრმა ბანკის კრედიტ ოფიცერს უნდა მიმართოს, რათა სასესხო ვალდებულების შესახებ ინფორმაცია დაზუსტდეს და საჭიროების შემთხვევაში, მისი ჩამოწერა ან გაუქმება მოხდეს. თუ სესხის ჩამოწერა მოხდა, ესე იგი ის უქმდება და არავისზე არ გადადის, მიზეზად კი მსესხებლის გარდაცვალება სახელდება," - განმარტავენ "ლიბერთი ბანკში".

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ბანკის პრაქტიკა, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, სასესხო ვალდებულების თავმდებზე ან ოჯახის წევრებზე გადაცემაა.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE