საქართველოს რკინიგზაზე მონოპოლიური სისტემა არსებობს. ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს ხელმძღვანელმა ვასო ურუშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ცნობით, საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთობის პროცესში პრობლემები კომპანია „მაქსპაუერ პეტროლიუმს“ შეექმნა, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტითა და რეექსპორტით არის დაინტერესებული და ერთ-ერთ ნავთობიმპორტიორ კომპანიასთან „რომპეტროლთან“ თანამშრომლობს. კერძოდ, კომპანიას რკინიგზის კომერციულ დეპარტამენტში ბათუმის ნავსადგურიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების რეექსპორტზე გატანაზე უარი უთხრეს და განმარტების გარეშე რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ტრანზიტ ლაინში“ გადაამისამართეს, სადაც ტრანსპორტირებაზე ოფიციალური ტარიფის დაახლოებით სამმაგი ოდენობა დაუსახელეს.
„პრობლემა მას შემდეგ გამწვავდა, რაც კომპანია „მაქსპაუერ პეტროლიუმის“ წარმომადგენელი დაუკავშირდა შ.პ.ს. „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ დირექტორს, რომელმაც უარი უთხრა შეხვედრაზე, არ გააცნო ბათუმიდან სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფები და უტიფრად ითხოვდა კომპანიის წარმომადგენლისგან სომხეთში ნავთობპროდუქტის მიმღები კომპანიის სახელის დასახელებას, რაზეც ინფორმაცია მიიღო.
„საუბრისას, „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ დირექტორმა „მაქსპაუერ პეტროლიუმის“ წარმომადგენელს განუმარტა, რომ საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას მხოლოდ ორი კომპანია: „როსნეფტი“ და „ფლეში “ ახორციელებს. იმ შემთხვევაში თუ „მაქსპაუერ პეტროლიუმს“ სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება სურდა, ჯერ ამ კომპანიებისთვის უნდა მიემართა, რომლებიც შემდგომ „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“, აღნიშნული კი საქართველოს რკინიგზას მიმართავდა. „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ დირექტორისგან ტრანსპორტირების ტარიფად 1 ტონა ნავთობპროდუქტზე 93,77 დოლარი დასახელდა, რაც არარელევანტური ფასია, რადგან ბათუმის ნავსადგურიდან თბილისის (ლილო) მიმართულებით საქართველოს რკინიგზის მეშვეობით 1 ტონა ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების ტარიფი 18 დოლარია.
„მიუხედავად ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე უარის თქმისა, საქართველოს რკინიგზის კომერციულ დეპარტამენტში კომპანია „მაქსპაუერ პეტროლიუმის“ წარმომადგენლებს ოფიციალური ტარიფი 33 დოლარი დაუსახელეს, რაც ჩვენი ექსპერტების მიერ ოფიციალური სატარიფო პოლიტიკით გამოთვლილ ბათუმის ნავთობტერმინალიდან სომხეთის საზღვრამდე (აირუმი) სარკინიგზო გადაზიდვის ოფიციალურ ტარიფებს ემთხვევა. „როგორც აღვნიშნეთ, რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ტრანზიტ ლაინში“, იგივე მონაკვეთზე ნავთობ პროდუქტების ტრანსპორტირებაზე პირველ შემთხვევაში საერთოდ უარს გვეუბნებიან. მეორე შემთხვევაში კი სამმაგ ტარიფს, 93.77 დოლარს გვისახელებენ. ჩნდება შეკითხვა, რატომ ხდება ტარიფის 60 დოლარით მატება, მაშინ როდესაც სომხეთის მიმართულებით წლიურად 140 ათასი ტონა ნავთობის რეექსპორტი ხდება? როგორც ვხედავთ, საქართველოს რკინიგზაზე საქმე გვაქვს ხელოვნური ბარიერების შექმნის გზით, მონოპოლიურ სისტემასთან,“- აღნიშნა ურუშაძემ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, HUB Georgia აღნიშნული პრობლემის ადვოკატირების კამპანიის დაწყებას გეგმავს. როგორც ურუშაძემ აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას უკვე მიმართა.