ქამარი შემოვიჭირე ისევე, როგორც ყველა სამინისტრომ, - ასე უპასუხა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტების შეკითხვას , რა ფორმით გეგმავს მისი უწყება ხარჯების შემცირებას.
ვიქტორ დოლიძის თქმით, შემცირება საკადრო რესურსს არ ემუქრება, თუმცა იგეგმება ადმინისტრაციულ-ტექნიკური ხარჯების შემცირება.
„შიდა რესტრუქტურიზაცია უკვე განხორციელდა. ერთი მოადგილე ფარავს ნატო-ს და ე.წ. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას, მეორე - ევროკავშირს და დახმარების სამსახურებს, ხოლო მესამე მოადგილე - საზოგადოებასთან ურთიერთობას და ადმინისტრაციულ სამსახურებს. ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს ჩვენთან და იმის აუცილებლობა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვა, არ ყოფილა. შესაბამისი სამსახური უკვე ითვლის ხარჯებს. მეტი აქტივობა, მეტი საქმე და ნაკლები ხარჯები ცოტა რთული გასაკეთებელია, მაგრამ მოგვიწევს, რადგან ფეხი უნდა ავუწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების უკეთესი ცხოვრების მოწყობას. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ 10%-ით შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.