კიბერუსაფრთხოების კვლევითი კომპანია White Ops-ის ინფორმაციით, გახსნილია მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც რუსი ჰაკერები აშშ-ის ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე შეტევას ახორციელებდნენ.
კომპანიის ცნობით, 250 ათასი ყალბი საიტის შექმნის მეშვეობით, რუსი ჰაკერები დღეში 3-დან 5 მილიონ დოლარამდე შოულობდნენ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჰაკარების მიერ შემუშავებულ სქემას Methbot ეწოდება და ის აშშ-სა და ნიდერლანდებში მოქმედებდა. სქემა მოიაზრებს 1,5 მილიარდ ბოტს, რომლებიც ამერიკულ IP-მისამართებს ფლობენ. ბოტები ყოველდღიურად 300 მილიონ ინტერნეტ და ონლაინ ვიდეორეკლამას ნახულობდნენ, თუმცა რეალური მომხმარებელივით იქცეოდნენ - ინახავდნენ ვებგვერდების ისტორიას, რომელზეც შედიოდნენ, ზოგიერთ მათგანს სოციალურ ქსელებში ექაუნთებიც ჰქონდათ.
გარდა ამისა, ჰაკერებმა რეკლამისდამკვეთებს შორის ყველაზე პოპულარული ვებგვერდების ასლები შექმნეს, მათ შორის ისეთების, როგორიცაა CNN, The New York Times, BuzzFeed და სხვა ცნობილი გამოცემები.
WSJ-ის ცნობით, ჰაკერები ყალბ საიტებზე ინტერნეტ რეკლამას ორიგინალის ფასად ყიდდნენ, ბოტები კი რეკლამის ნახვაზე „ზრუნავდნენ“.
White Ops-ის ინფორმაციით, პირველად ეს თაღლითური სქემა 2015 წლის სექტემბერში შენიშნეს, რის შემდეგაც დაიწყეს დაკვირვება. 2016 წლის ოქტომბერში ბოტ-ოპერაციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ დღეში ყალბი ონლაინ ვიდეორეკლამების 200-დან 300 მილიონამდე „ნახვას“ ქმნიდა.
White Ops-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს რეკლამისდამკვეთებმა ამ ჰაკერული სქემის გამო სულ მცირე 7 მილიარდი დოლარი იზარალეს.