ლარის კურსი როგორი სისწრაფითაც დაეცა, ახლა ისეთივე ტემპით მყარდება. აშკარაა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გამყარება ეკონომიკური პროცესის მიღმა მიმდინარეობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ქვეყანაში სპეკულაცია მძვინვარებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ლარზე სპეკულაცია ხდება დღესაც, ადრეც ხდებოდა და იგივე მოხდება მომავალშიც, თუკი შესაბამისი სტრუქტურები საფინანსო სექტორის რეგულაციებზე არ იზრუნებენ.
ზუსტად ორი დღის წინ კურსი 2,82-ს გადასცდა, თუმცა გუშინ 2,75-2,76-ის ფარგლებში გამყარდა. ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარმა დოლართან მიმართებაში პოზიცია 1,3 თეთრით (0,0136 პუნქტით) გაიუმჯობესა და 2.7710 ლარი გახდა.
ექსპერტების განცხადების, კურსის ფორმირებაში უმთავრესი სპეკულაციური ფაქტორია. როგორც ეკონომისტი მიხეილ დუნდუა განმარტავს, ლარის გაუფასურების მიზეზი საფინანსო სექტორში, მის რეგულაციებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების ხარისხში უნდა ვეძებოთ.
"2016 წლის ოქტომბერში სავალუტო ფონდმა ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც საშუალო წლიური შეწონილი კურსი მიმდინარე წელს უნდა ყოფილიყო 2,34-ზე დაბალი. დღეს გაცილებით ცუდი სიტუაციაა, რასაც ეკონომიკური ფაქტორით ვერ ავხსნით. მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის რეგულირების მოდერნიზება და სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინება.
ფონდის სპეციალისტები გვირჩევნ, რომ კომერციული ბანკის სავალდებულო რეზერვი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 1 მლრდ სავალდებულო რეზერვების სახით ამერიკულ დოლარშია. ეროვნული ბანკი თუკი შესაბამის ზომას გაატარებს, ეს 1 მლრდ დოლარი გამოთავისუფლდება კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვებიდან და მის ადგილს რამდენიმე მლრდ ლარი დაიკავებს, ანუ მოხდეა დოლარის გაცვლა ლარზე, რაც ეროვნულ ვალუტას მკვეთრად გაამყარებს", - აცხადებს დუნდუა.
იმ ფონზე, როცა სისტემატურად მნიშვნელოვანი ბანკები აქტიურობენ მაღალრისკიან საცალო სექტორში და ეკონომიკის განმავითარებელი სექტორები ყურადღების მიღმა რჩება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე. წ. "ობამას ბანკების გადასახადის" საკითხი. დუნდუას შეფასებით, "კაპიტალის გადასახადის" შემოღება სისტემურად მნიშვნელოვანია ბანკებისათვის, რომელიც ამჟამად უნა გავრცელდეს სულ მცირე უდიდეს სამ ბანკზე ("თიბისი", "საქართველოს ბანკი", "ლიბერთი") საბანკო სექტორში ბაზრის მაღალი კონცენტრაციიდან გამომდინარე.
"კურსი, რომელიც ბოლო 2 დღეში ფიქსირდება, აბსოლუტურად არაადეკვატური, ლოგიკას მოკლებულია. ეს მიგვანიშნებს, რომ საფინანსო სექტორს სჭირდება ახლებური რეგულაცია, ე. წ. "ობამას ბანკების გადასახადის" შემოღება, რაც გულისხმობს მაღალი კაპიტალის მოთხოვნებს სისტემური ბანკებისთვის. რაც მეტი თანხა იქნება დარეზერვებული ლარში, მაღალრისკიან სექტორში ჭარბი დაკრედიტება შეიზღუდება, რაც ბუნებრივად დადებითად მოქმედებს როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ლარის კურსზე", - დასძენს ფინანსისტი.
"რეზონანსთან" საუბრისას დუნდუამ ხაზი გაუსვა იმ მიზეზებსაც, რის გამოც პოზიცია შეიცვალა და ეროვნული ბანკების შემადგენლობაში საბანკო ზედამხედველობის დატოვებას მხარი დაუჭირა.
"მქონდა განსხვავებული პოზიცია და მხარს ვუჭერდი საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებლად მუშაობას, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს სტრუქტურა პარლამენტის წინაშე პირდაპირ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი. სავალუტო ფონდის აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ ზედამხედველობა სებ-ის შიგნით დარჩებოდა. ორივე მოდელი სოქმედებს მსოფლიოში. ვერ ვხედავ პრობლემას, თუკი ზედამხედველობა თანამედროვე სტანდარტის დონეზე იქნება მოდერნიზებული და დარჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი სრულად გაითვალისწინებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციას", - განმარტავს მიხეილ დუნდუა.
ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ არსებული კურსი გრძელვადიან პერიოდში ვერ შენარჩუნდება და უკვე ორშაბათიდან ლარი საპირისპირო მიმართულებით დაიძვრება.
ასეთი მოსაზრებისაა ფინანსისტი ორგანიზაცია "პირადი ბანკირის' დამფუძნებელი ირაკლი ბერძენაძე. მის ვარაუდით, დიდია ალბათობა, რომ ახალი წლის პერიოდში ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 3-ს მიღაწიოს.
"ლარის რამდენიმედღიანი გამყარება არ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ტენდენცია გრძელდება. ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რაც კურსზე სამომავლოდ ვერ მოახდენს გავლენას. კურსის დასტაბილურება უახლოეს პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა. შეიძლება ითქვას, რომ კურსი დღეს ხელოვნურად გაამყარეს, მაგრამ არც ისე, რომ ვინმე ამით დაიმედდეს.
ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ 2,75-78 კურსი ნორმალური მოვლენაა. ეროვნულ ვალუტას სერიოზულ პრობლემას უქმნის დოლარის დეფიციტი, ინვესტიციების შეჩერება, რაც კურსზე მტკივნეულად მოქმედებს. ამიტომ ექსპორტზე უნდა ვიზრუნოთ, რაც ვითარებას სასიკეთოდ შემოაბრუნებს. კარგი არაფერი ხდება, ველოდები ცვლილებას, რომ ორშაბათიდან ლარი გაუფასურებას გააგრძელებს. ახალი წლის პერიოდში კი კურსი 3-ს მიაღწევს", - აცხადებს ბერძენაძე.
ლარის გაუფასურებას აჟიოტაჟს უკავშირებს "თიბისი ბანკის" ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე. მისი აზრით, ეროვნული ვალუტა არის ზედმეტად გაუფასურებული და ამაზე მეტყველებს ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
"როგორც ყველამ ვიცით, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ექსპორტი არის გაზრდილი. ბოლო თვის ინფორმაციით, როგორც გვეუბნებიან, იმპორტიც შემცირებულია. გარე ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტებიც დასტაბილურებულია. ლარის ზედმეტად გაუფასურება, ჩემი აზრით, ეს არის უფრო აჟიოტაჟი ბაზარზე, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტალური ფაქტორი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ", - აღნიშნა შაგიძემ.
აღსანიშნავია, რომ ზედმეტი გაუფასურებით შეშფოთებულმა ეროვნულმა ბანკმა ჯერ ბაზრიდან 110 მილიონი ლარი ინტერვენციების მეშვეობით ამოიღო, ხოლო გუშინ რეფინანსირების აუქციონის მოცულობა შეამცირა. კომერციულ ბანკებზე დეკემბრისათვის ჯამურად გაცემული 1,469 მლრდ ლარი 22 დეკემბერს 1,200 მლრდ ლარამდე დაიყვანა. ამით სებ-მა ბაზარს კიდევ მოაშორა ჭარბი ლარი, რამაც კურსის გამყარებას საგრძნობლად შეუწყო ხელი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"