გერმანული Deutsche Bank თანახმაა 7.2 მილიარდი დოლარი გადაიხადოს ჯარიმის სახით აშშ-ის მთავრობასთან იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული თანხა, რომელიც საჭიროებს საბოლოო დამტკიცებას, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველი 14 მილიარდი აშშ დოლარი, რომელსაც აშშ-ის რეგულატორი გერმანული ბანკისგან სექტემბერში ითხოვდა.
რეგულატორის განცხადებით, საცხოვრებელი იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების გაყიდვამ მნიშვნელოვანი როლი ითამაში 2008 წლის ფინანსურ კრიზისში.
შეთანხმების თანახმად, Deutsche Bank-ის ჯარიმა შედგება 3.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამოქალაქო ჯარიმისგან და 4.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხიდან, როგორც მომხმარებელთა დახმარების ნაწილი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მსგავსი ბრალდებით უკვე დააჯარიმა ისეთი მსხვილი ბანკები, როგორებიც არიან Citigroup - 7 მილიარდი დოლარით, JP Morgan Chase - 13 მილიარდი დოლარით, Bank of America - 16.7 მილიარდი დოლარით და Goldman Sachs - 5.1 მილიარდი დოლარით.