ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ სემეკში განუცხადა , სადაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ჰიდროელექტროსადგურების 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დაადგინა.
როგორც მიხეილ ბოცვაძემ აღნიშნა, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებიდან მომავალი წლის ტარიფის მატება მოხდა მხოლოდ ერთ ჰიდროელექტროსადგურზე - აწჰესზე, დანარჩენებზე კი შემცირდა.
”მოქმედი რეგულაციების მიხედვით, არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული გაძვირებული კლიენტების კომპენსირება ტარიფით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიძვირდა უცხოურ ვალუტაში კლიენტების მომსახურება, თუმცა ამის კომპენსირება ტარიფით არ ხდება”, - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
მისივე თქმით, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ გენერირებას წარმატებით ახდენს და მათ შორის 2016 წელს კომპანიამ 10 წლის რეკორდი მოხსნა.
”მხოლოდ ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან, რადგან ჩვენს შემთხვევაში 40% უჭირავს ჩვენს იაფ გამომუშავებას და ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი წარმატება. მთავარი ის არის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი გამომუშავება. ჩვენ ვეხმარებით აბონენტებს, რომ ტარიფი მკვეთრად არ გაეზარდოთ. ჩვენი 2 თეთრიანი ენერგია უპირისპირდება 15-16 თეთრიან იმპორტირებულ ენერგიას”, - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
სემეკის მიერ ჰიდროელექტროსადგურებისთვის დღეს დადგენილი ტარიფები 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.