სემეკის წევრი - სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორშაბათს იქნება მიღებული

“ენერგო პრო ჯორჯია” ყიდულობს ჰიდროელექტროსადგურებიდან თავისი გამომუშავების ძირითად ნაწილს, შესაბამისად, დღეს დადგენილ ტარიფებს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება , - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ სემეკში განაცხადა, სადაც კომისიამ ჰიდროელექტროსადგურების 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დაადგინა.

როგორც შონიამ განმარტა, გადაწყვეტილება დაეფუძნა მოქმედ მეთოდოლოგიას, რომელიც კომისიამ მიიღო და დაამტკიცა და რომელიც არის „საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მეთოდოლოგია“.

“ჩვენ ამაზე არაერთხელ გვქონდა შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან. მათ აქვთ პრეტენზიები გარკვეულ საკითხთან მიმართებაში და ამ თემებთან დაკავშირებით შესაძლებელია, ალბათ, გაგრძელდეს საუბარი”, - განაცხადა შონიამ.

მისივე თქმით, დღეს დადგენილი ტარიფები ახდენს გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე.

„ენერგო პრო ჯორჯია” ყიდულობს ამ ელექტროსადგურებიდან ძირითად ნაწილს თავისი გამომუშავებისა, შესაბამისად, გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე მას რა თქმა უნდა, ექნება”, - აღნიშნა შონიამ.

სემეკის წევრის თქმით, სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორშაბათს იქნება მიღებული.

2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 9 ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ერთი მათგანის - გაიზარდა, - შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, სადაც სემეკმა დაადგინა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა და ასევე ,,ზაჰესის” ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები.