დანიელი მეცნიერები მომხმარებელს სოციალური ქსელების დაუყოვნებლივ გათიშვისკენ მოუწოდებენ

ინტერნეტის მუდმივი მოხმარება კმაყოფილების გრძნობას აქვეითებს და ადამიანს უბედურს ხდის. ამის შესახებ დანიელმა მეცნიერებმა განაცხადეს და ყველას სოციალური ქსელების გათიშვისკენ მოუწოდეს.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 1200 მოხალისე იყო ჩართული. კვლევის თითოეულ მონაწილეს Facebook-ზე მინიმუმ 350 მეგობარი ჰყავს და დღეში არანაკლებ ერთ საათს სოციალურ ქსელში ატარებს.

ექსპერიმენტის მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. პირველი ჯგუფის წევრები ერთი კვირის განმავლობაში ინტერნეტით აქტიურად სარგებლობდნენ, ხოლო მეორე ჯგუფმა სოციალურ ქსელებზე საერთოდ უარი თქვა.

ერთი კვირის შემდეგ მეორე ჯგუფის წარმომადგენლები უკეთესად გამოიყურებოდნენ, მათ შორის ცხოვრებით კმაყოფილების დონემ კი აიწია. ის თავისუფალი დრო, რომელიც მათ სოციალურ ქსელებზე უარის თქმის შედეგად გაუჩნდათ, მეორე ჯგუფის წევრებმა ახლობლებთან და ნათესავებთან გაატარეს, რამაც სადღესასწაულო განწყობა აუმაღლა.

ამავე კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც ხშირად შურთ სხვების, სოციალურ ქსელებში სხვების წარმატების ნახვის შემდეგ უფრო მეტად ვარდებიან დეპრესიაში.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვირტუალურ კავშირებზე უარის თქმა დაგეხმარებათ თავი უფრო ბედნიერად იგრძნოთ.

ბოლო მონაცემებით, „ფეისბუქის“ აქტიურ მომხმარებელთა ყოველთვიური რაოდენობა 1.79 მილიარდამდე გაიზარდა.