თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით დედაქალაქის მერიამ დაახლოებით 4 მილიონამდე ლარი ვერ გახარჯა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა განუცხადა. თამაზ შოშიაშვილმა კომენტარი გააკეთა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომაზე უნდა განხორციელდეს. თამაზ შოშიაშვილის თქმით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით მცირდება და „როგორც არ უნდა შეფუთოს ეს თემა საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ეს არის ბიუჯეტის კლასიკური სეკვესტრი“.
რაც შეეხება პრემირების საკითხს, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო კომპანიის, დასუფთავების სამსახურის და ასევე სხვა დაბალანაზღაურებადი პირები მიიღებენ მე-13 ხელფასს, თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, რომ მათთვის ეს ხელფასი მერიას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უნდა განესაზღვრა.
”რაც შეეხება პრემირების საკითხს, სატრანსპორტო კომპანიებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის პრემიებს მივესალმებით. სამწუხაროა, როდესაც ქალაქის მერია არ ითვალისწინებს ამ თანხებს ბიუჯეტის დაგეგმვისას”, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით გზების მშენებლობა-აღდგენის მუხლში გახარჯული არ არის 500 000 ლარი. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა- აღდგენა რეკონსტრუქციის მუხლში კი 3 200 000 ლარი.
”მნიშვნელოვანი მიმართულებებია დედაქალაქის ცხოვრებაში, ვერ გახარჯეს ეს თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ მათ მოინდომეს აღნიშნული პირების პრემირება წლის ბოლოს”, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა ჩინოვნიკების პრემიები და დანამატები, არამედ სწორედ იმ ადამიანებისათვის პრემიები, რომლებიც წლების განმავლობაში ქალაქს ერთგულად ემსახურებიან.