მთაწმინდის საბაგირო წელს აღარ აშენდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელება მომავალი წლისთვის გადაიდო.
„2016 წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილება განხორციელდება, ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით მცირდება. ეს არის ის თანხა, რომელიც „მთაწმინდის პარკს“ მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგიროს გასაკეთებლად უნდა ჩაერიცხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ პროექტის განხორციელება მომავალი წლისთვის გადაიდო და „მთაწმინდის პარკი“ მომავალ წელს პროექტისათვის ბიუჯეტში 5 მილიონ ლარს ჩარიცხავს,“ -აღნიშნა სამუშიამ.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მერიის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო. 27 წლიანი პაუზის შემდეგ საბაგიროს ამოქმედება კი მომავალი წლის ზაფხულიდან იგეგმებოდა. საბაგიროს ერთი სადგური - რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში, მეორე კი მთაწმინდის პარკში მოეწყობა.
მთაწმინდის ამ მარშრუტის საბაგირო 1990 წლის 1 ივნისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 20 ადამიანი ემსხვერპლა, აღარ ფუნქციონირებს.