დეკემბრის პირველ ორ კვირაში საქართველოში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.
ISET-ის საცალო პროდუქციის ფასის ინდექსი ნოემბერთან შედარებით, 1,2%-ით გაიზარდა. თუმცა მიუხედავად ამისა, სადღესასწაულო პერიოდი წინა წელთან შედარებით უფრო იაფი დაჯდება, რადგან საკვები პროდუქციის ფასი 13%-ით შემცირდა.
ISET-ის მონაცემებით, ბოლო ორ კვირაში ფასები განსაკუთრებით გაიზარდა ბადრიჯანზე (14%), ხორცსა (8%) და ბრინჯზე (7%).
"მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად იმპორტირებულ საკვებზე ფასები უნდა გაზრდილიყო, გარკვეულ პროდუქტებზე შეინიშნება ფასის შემცირება: კერძოდ, 18%-ით შემცირდა იმპორტირებული ვაშლის ფასი, 13%-ით პომიდორის, ხოლო კიტრის 7%-ით“, - ნათქვამია ISET-ის კვლევაში.
ISET-ის მონაცემებით, დეკემბრის პირველ ორ კვირაში იმპორტირებული პომიდორი ადგილობრივზე 20%-ით იაფი იყო და 2.00 ლარი შეადგინა მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოების პომიდორი 2.50 ლარი იყო. ხოლო იმპორტირებული ვაშლის ფასი 2.37 ლარი იყო, ადგილობრივის კი 2.00 ლარი.
„ფასთა ასეთმა სხვაობამ მოსალოდნელია, რომ შეცვალოს მომხმარებელთა განწყობა და წინასადღესასწაულოდ მათ უპირეტესობა იმპორტირებულ საკვებს მიანიჭონ“, - ნათქვამია ISET-ის კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, კვლევის დროს შესწავლილ სუპერმარკეტებში თურქეთიდან იმპორტირებული პომიდორი იყიდება და ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მთავრობა ახალი ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებას გეგმავს.
„2015 წლის დეკემბერში რუსეთმა თურქეთიდან პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა, რის შედეგადაც თურქეთმა საკუთარი პროდუქცია სხვა ბაზრებზე, მათ შორის საქართველოში გადაანაწილა. თუ საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ანტიდემპინგური კანონი მიმართული იქნება უცხოელი მწარმოებლებისკენ, რომლებიც თავიანთ პროდუქციას დაბალ ფასად ყიდიან, ადგილობრივ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით და ფასები გაზარდონ. ეს კი არ იქნება უპირატესობა ქართველი მომხმარებლისთვის, რომელიც ვეღარ შეძლებს იაფი იმპორტირებული პროდუქტის დაბალი ფასით შეძენას“, - ნათქვამია ISET-ის კვლევაში.