საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი დეკემბრისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი დეკემბრისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 532.5 მლნ ლარით ანუ 3.4 პროცენტით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით ნაკლები). ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 403.7 მლნ ლარით ანუ 4.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 128.7 მლნ ლარით, ანუ 1.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 1.0 პროცენტით).
ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.85 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.45 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
„ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.4 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.4 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.