მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი - საერთაშორისო კოსმოსური სადგურია, რომლის ღირებულებაც 110 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი msn.com აქვეყნებს.
მსოფლიოს top-9 ყველაზე ძვირადღირებული ობიექტის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
საერთაშორისო კოსმოსური სადგური (International Space Station) - კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგური, რომლის სიმაღლე დედამიწის ზედაპირიდან 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე მერყეობს. მოძრაობის საშუალო სიჩქარე კი 27.744 კმ/სთ-ია და დღეში 15,7 ორბიტას ასრულებს. ობიექტის ღირებულება 110 მილიარდი დოლარია.
„გორგონის“ პროექტი“ (Gorgon liquefied natural gas plant) - ავსტრალიაში მდებარე გათხევადებული გაზის ქარხანა, რომლის წარმოების მოცულობა წელიწადში 15 მილიონი ტონაა. პროექტის ღირებულება 54 მილიარდი დოლარია.
ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი (Hong Kong International Airport ) - ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია მსოფლიოში, საიდანაც ფრენებს მსოფლიოს 190-ზე მეტ ადგილას 100-ზე მეტი ავიაკომპანია ახორციელებს. მისი ღირებულება 29 მილიარდი დოლარია.
London Crossrail - უმსხვილესი სამშენებლო პროექტი ევროპაში, რომელიც ლონდონში მდებარეობს. დაახლოებით, 118-კილომეტრი სიგრძის მიწისქვეშა სარგინიგზო ხაზის, ღირებულება 21.6 მილიარდი დოლარია. მისი მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და დასრულება 2018 წელს იგეგმება.
ბირთვული ელექტროსადგური Hinkley Point C (HPC), რომლის მშენებლობაც სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში იგეგმება. ობიექტი შესაძლოა, დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდეს. ჯერ უცნობია პროექტის მთელი ღირებულება მაგრამ სავარაუდოდ, 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
ოკლენდის ყურეში მდებარე ხიდი (Oakland Bay Bridge) - ხიდების კომპლექსი, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს. ხიდის აღმოსავლეთი მონაკვეთი 1989 წლის მიწისძვრის დროს ჩამოიშალა, რის შემდეგაც ხიდის რეკონსტრუქცია 6.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხიდი, რაც აშენებულა. ის ყველაზე გრძელ ხიდად ითვლება, მისი სიგრძე 623.9 მეტრია.
დიდი ადრონული კოლაიდერი (Large Hadron Collider) - დაახლოებით 27 კილომეტრი სიგრძის გვირაბი, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან, მიწის ქვეშ მდებარეობს. ეს არის დამუხტული, მძიმე ნაწილაკების ამაჩქარებელი სამეცნიერო დანადგარი, რომელიც ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (Cern) მიერ 1998-2008 წლების განმავლობაში აშენდა. პროექტის ღირებულება 5.8 მილიარდი დოლარია.
ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა - მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც დუბაიში მდებარეობს. მისი ღირებულება საბოლოოდ 4 მილიარდზე მეტი დაჯდა. ცათამბჯენის სიმაღლე 828 მეტრს შეადგენს, ხოლო სართულების რაოდენობა 160-ს აჭარბებს. მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა.
ჰითროუს აეროპორტის მეორე ტერმინალი (Heathrow Terminal 2) - შენობა ლონდონში მდებარეობს და ასევე ცნობილია, როგორც „დედოფლის ტერმინალი“. მან ჩაანაცვლა ჰითროუს პირველი სამგზავრო შენობა, რომელიც 1955 წელს გაიხსნა. მეორე ტერმინალი კი დედოფალმა ელისაბედ II-მ 2014 წლის ივნისში გახსნა. ობიექტის ღირებულება 3.4 მილიარდი დოლარი იყო.
იხილეთ ფოტოგალერეა