პროექტის ”საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობისთვის კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო გეგმას გაეცნო.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა საადაპტაციო გეგმის მთავარი მიმართულებები და ეროვნულ საადაპტაციო გეგმაში გათვალისწინებული მრავალმხრივი მიდგომები ქვეყნის აგრარული სექტორის ადაპტაციისთვის კლიმატის ცვლილებებისადმი განიხილეს, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელო პრინციპები ყველა სამთავრობო უწყებისა და პარტნიორისთვის შეიქმნება.
”პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე პროექტის „სოფლის მეურნეობის განვითარება, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა” ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.