საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიტარბის პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. პრემიერის თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან ბევრი იმუშავა, რათა მიტარბის პროექტი რეალობა გამხდარიყო. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე წარმატება უსურვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც, მისი შეფასებით, ამიერიდან ბევრი მუშაობა მოუწევს ყველა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მთავრობამ დააანონსა.
„ეს იქნება ძალიან დიდი მომავლის დასაწყისი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განაშენიანება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კურორტი მიტარბი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელია. ესაა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომლის შედეგად, სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, ხოლო კერძო კომპანია "ჯიარდისი" ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში.