რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად 2017 წელს

წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 801 302 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა თანხების ზრდას მნიშვნელობა არ ექნება, თუ თბილისის მაცხოვრებლებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდება.

Ambebi.ge-მ თბილისის მერიას მიმართა და იმ კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი სთხოვა, რის გაკეთებასაც მერია მომავალ წელს გეგმავს. ყველაზე დიდ ხარჯებს დედაქალაქის მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის დახარჯავს. მერიას 2017 წლის ბიუჯეტში ამისთვის განსაზღვრული აქვს 85,5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით 6.8 მლნ ლარით მეტია.

2017 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა, ბარნოვი, ნუცუბიძე, ჩარგლის ქუჩა და სხვ.

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც როგორც მერიაში აცხადებენ, ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

განხორციელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 064,2 ათასი ლარი დაიხარჯება. 2017 წელს ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობების განგანტვირთვას - ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის.

მარშალ გელოვანის ქუჩა წარმოადგენს ორმხრივი მიმართულების გზას, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლით, მიუხედავად ამისა, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმებიან სარაჯიშვილის ქუჩაზე და გამოდის გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში, ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის ქუჩით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი, მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია ელოდოს კვანძის განტვირთვას, ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი გრძელდება რამდენიმე ასეულ მეტრზე (მიუხედავად მოწყობილი შუქნიშნისა).

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა აღნიშნულ გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის აუცილებლობა. ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას, შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე, ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა.

ამასთან, განხორციელდება ქალაქში არსებული გვირაბების რეაბილიტაცია, ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათ შორის, მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის 1 რეკონსტრუქცია, მდინარე დიღმულაზე მტკვრის შესართავთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეკონსტრუქცია და ა.შ.

მომავალ წელს ასევე იგეგმება სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქცია, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, კაიროს დასახლებაში განხორციელდება მასშტაბური სამუშაოები და ამით ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება.

ჯონი პატარკაციშვილი

Ambebi.ge