სამართლებრივი დავა, რომელიც 4 წელზე მეტხანს გრძელდებოდა მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით, მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
გამოცემა Dispatchweekly-ის ინფორმაციით, ლონდონში სააპელაციო სასამართლოს განჩინებამ ბოლო დაუსვა დავას პატარკაციშვილის ქვრივსა და შვილებს და მილიარდერის ყოფილ პარტნიორ ვანო ჩხარტიშვილის შორის.
„ჩვენ სასამართლო მოვიგეთ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. იმედი მაქვს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პატარკაციშვილის ოჯახი გამოიჩენს ნებას და ბოდიშს მოიხდის ჩემი დისკრედიტაციისთვის, ჩემი შანტაჟისთვის და მედიაში ჩემს წინააღმდეგ გაჩაღებული ცილისმწამებლური კამპანიისთვის“, - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა პირველად სარჩელი 2012 წელს შეიტანა და განაცხადა, რომ პატარკაციშვილს აქციები ეკუთვნოდა კომპანიაში, რომელიც აკონტროლებდა ყულევის შავი ზღვის ტერმინალს. მათი განცხადებით, ამ აქციებს მინდობილობით მართავდა ჩხარტიშვილი.
9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ დაასრულა დავა, რომელიც, პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებით ეხებოდა 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის აქტივებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სააპელაციო სასამართლომ ასევე ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა განჩინება.