დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისში, დადიანის ქუჩაზე, 200 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცეს.როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ 400 ოჯახზე განაწილდა ბინები, მათგან 200 არის თბილისის ზღვაზე.
სოზარ სუბარის თქმით, თბილისის ზღვაზე ბინებს დევნილები სავარაუდოდ, 14 იანვრისთვის მიიღებენ.
„ერთი კვირის წინ 400 ოჯახზე გავანაწილეთ ბინები და 200 არის თბილისის ზღვაზე. 200 კი არის აქ, დადიანის ქუჩაზე. კონკრეტულად ვის სად შეხვდებოდა, ეს თვითონ გადაწყვიტეს. კენჭისყრა იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის თქმით, გადაცემული კორპუსების პირველი სართულები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი და ადაპტირებულია შესასვლელი.
„200 ოჯახმა მიიღო ბინები თბილისის ზღვაზე, სავარაუდოდ მოვასწრებთ, რომ ისინი ძველით ახალ წელს, 14 იანვარს თავიანთ სახლებში შეხვდნენ. ყველაფერი დამთავრებულია, ერთადერთი დარჩენილია მერიასთან საბუთების მოგვარება, თორემ გარემონტებულია, ამ წუთშიც შესაძლებელია გაღება და შესვლა. ველოდებით, რომ დოკუმენტაცია იყოს სრულ წესრიგში“, - აღნიშნა სუბარმა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დღეს დევნილთა სამინისტრომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პრაქტიკულად არ ჰქონდათ თავშესაფარი.
დავით ნარმანიას თქმით, გარშემო მოეწყობა საბავშვო და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.
ერთ-ერთი დევნილმა ვეზდენ ოკუჯავამ, რომელმაც დღეს ბინა მიიღო, აღნიშნა, რომ 20 წელზე მეტია ბინას ელოდებოდა. მისი თქმით, 8 სული ოჯახი 20 წლის განმავლობაში ერთ პატარა სივრცეში ცხოვრობდა.
დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148 ერთოთახიანი, 27 – ოროთახიანი და 25 სამოთახიანია.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.
სულ ჯამში თბილისში უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.
2012 წლიდან დღემდე თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.