ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებისთვის არ მოიმატებს , - ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ საჯარო სხდომაზე გახდა ცნობილი. ცვლილება შეეხო მხოლოდ მსხვილ კომერციულ კომპანიებს, რომლებიც მოიხმარენ საშუალო და მაღალი ძაბვის ელექტროენერგიას. კერძოდ, საშუალო ძაბვის მომხმარებლებს ელექტროენერგია 0,657 თეთრით გაეზრდებათ, ხოლო მაღალი ძაბვის მომხმარებლებს - 0,001 თეთრით. ცვლილებები დღგ-ს გარეშე არის დაანგარიშებული.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს თბილისში, დედაქალაქში ტარიფი უცვლელი რჩება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, „თელასის“ მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტში ცვლილებები არ შეეხება სამომხმარებლო ტარიფში ფასის მატებას. ცვლილებები შეეხება მხოლოდ კომერციულ სექტორს, კერძოდ, 0,035 თეთრით მოიმატებს კომერციულ სექტორში საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე 0,446 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება კომერციულ სექტორში დაბალ ძაბვას, აქ ცვლილებები არ შედის.
სემეკ-ის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.