საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული.კერძოდ, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთებზე: ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ65 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით,ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-ბენიერი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.