ალექსანდრე ჯეჯელავა - ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების შექმნაზეც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება.

მინისტრის თქმით, შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად წიგნი იქნება უფრო მსუბუქი და ასევე დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმღვანელოების შექმნაზე.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება შეგვაქვს 2017 წლიდან სახელმძღვანელოების საკითხში. ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხვა შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად იქნება უფრო მსუბუქი, გაყოფილი იქნება ნაწილებად, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩანთის სიმძიმის პრობლემა ბევრი ოჯახის უკმაყოფილებას იწვევს. წიგნების ხარისხობრივ გადამუშავებასთან ერთად ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების შექმნაზე. რა თქმა უნდა, იქნება არჩევითი. ოჯახის მიერ იქნება არჩეული იხელმძღვანელებს თუ არა ელექტრონული სახელმძღვანელოთი. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში ელექტრონული სახელმძღვანელოების მოხმარების რაოდენობა გაიზრდება და უფრო ინტენსიური გახდება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ასევე პოლიტიკოსებს, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.