კონგრესის ახალი მონაცემებით, გასულ წელს აშშ-მა დაახლოებით 40 მილიარდი აშშ-დოლარის ღირებულების შეიარაღება გაყიდა, რაც მსოფლიოს შეიარაღების ბაზარზე დადებული ხელშეკრულებების ნახევარს შეადგენს.
მეორე ადგილა საფრანგეთს ერგო, რომელზეც 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების გაყიდვა მოდის.
რაც შეეხება მყიდველებს, იარაღის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები განვითარებადი ქვეყნები არიან. 2015 წელს ყატარმა 17 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღება შეიძინა, ეგვიპტემ - 12 მილიარდი აშშ დოლარის, ხოლო საუდის არაბეთმა 8 მილიარდი აშშ დოლარის.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, გლობალურ დონეზე შეიარაღების გაყიდვის საერთო მოცულობა შემცირდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80 მილიარდი დოლარი იყო, 2014 წელს კი 89 მილიარდი აშშ დოლარი. განვითარებადმა ქვეყნებმა 2015 წელს 65 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება შეისყიდეს.
აშშ-მა და საფრანგეთმა გაზარდეს შეიარაღების გაყიდვის მაჩვენებლები 2015 წელს; აშშ-ის წილი 4 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საფრანგეთის 9 მილიარდი აშშ დოლარით. რუსეთმა გაყიდვების მცირე კლება განიცადა შეიარაღების გლობალურ ბაზარზე, 2014 წელს 11.2 მილიარდი აშშ დოლარიდან 2015 წელს 11.1 მილიარდ აშშ დოლარამდე. რუსეთის ძირითადი კლიენტები ლათინური ამერიკის ქვეყნები არიან, მათ შორის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ვენესუელაა.