სოფო კილაძე - საუბარი იყო, რომ უწყებებში გაბერილი შტატებია და ეს უნდა დარეგულირდეს

საუბარი იყო, რომ უწყებებში გაბერილი შტატებია და ეს უნდა დარეგულირდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემსახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მას კარგად ესმის იმ ოჯახების, რომლებიც მიმდინარე პროცესის შედეგად სამსახურის დაკარგვის ფაქტის წინაშე დადგნენ და იმედოვნებს, რომ ისინი კერძო სექტორში დასაქმდებიან.

„აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ადამიანების დამოკიდებულებას, მაგრამ მეორე მხრივ, საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ კერძო სექტორში სამუშაო ადგილი. სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა და მოვალეობაა, შექმნას ყველა გარემოება იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და კერძო სექტორმა დაასაქმოს ადამიანები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ის ადამიანები, რომლებიც არ არიან საჯარო სექტორში დასაქმებულები, პირიქით, წავლენ ბიზნესისკენ და ეს იქნება სწორედ ჩვენი ეკონომიკური განვითრაების მთავარი მიმართულება“, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მოუწია ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებული ნაბიჯის გადადგმა სწორედ ლართან დაკავშირებული თემებიდან გამომდინარე, ხოლო თითოეულმა უწყებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოხდება ოპტიმიზაცია.

„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გველოდება იმ კუთხით, რომ ისეთნაირად დავხვეწოთ სახელმწიფო სისტემა, რომ იქ საჭიროებისამებრ ხდებოდეს კადრების განაწილება. სახელმწიფო სახსრების ხარჯვა არ უნდა ხდებოდეს არაეფექტიანად“, - დასძინა სოფო კილაძემ.