თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 8 ათასზე მეტი თანამშრომელი საახალწლოდ თანამდებობრივი სარგოს 80%-ს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით 80%-იან საპრემიო თანხას თბილისის 166 საბავშვო ბაგა-ბაღის უკლებლივ ყველა თანამშრომელი მიიღებს. ჯამში ეს თანხა 2 მილიონ 900ათას ლარს შეადგენს.
„საბავშვო ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს შეეხება რიგითი პერსონალიდან დაწყებული დირექტორებით დამთავრებული. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული ყველა მიიღებს ერთი თანამდებობრივი სარგოს 80%-ს“, - განაცხადა თორდინავამ.
მისივე თქმით, დეკემბრის ხელფასი ყველა თანამშრომელს უკვე ჩარიცხული აქვს.
აღნიშნული თანხა კი სააგენტოს უკვე დაუმტკიცდა და საბავშვო ბაგა-ბაღების მუშაკებს ხვალ დღის ბოლომდე ჩაერიცხებათ.
თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილის მერიის სტრუქტურების დაბალანაზღაურებადმა თანამშრომლებმა დეკემბრის თვეში მე-13 ხელფასი უნდა მიიღონ.