რომან გოცირიძე მთავრობას - დედოლარიზაციას დიად მიზნებს გინდათ შესწიროთ ადამიანების კეთილდღეობა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქონებასა და მოსახურებაზე ფასდადდება ისე უნდა იყოს, როგორც 21 წლის განმავლობაში.როგორც რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, 21 წელია საქართველოს ვალუტა ლარია და 2-ჯერ გაუფასურდა ამ ხნის განმავლობაში.

”ერთხელ იყო 1998 წელს, როდესაც იყო რუსეთის კრიზისი და მეორედ ახლა, ამ სამი წლის განმავლობაში. დედოლარიზაციის პროცესი მიდიოდა ძალიან კარგად, იმიტომ, რომ იყო ძალიან დაბალი ინფლაცია, იყო სტაბილური ლარი. თქვენ დედოლარიზაციას დიად მიზნებს გინდათ შესწიროთ ადამიანების კეთილდღეობა. დედოლარიზაცია არ არის მთავარი, მთავარია ლარის სტაბილურობა. ჩვენ გვინდა მომავალში ლარი არ გაუფასურდეს, ლარის არ გაუფასურების პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და არა გაუფასურებისას რისკების დაზღვევის. ეს არის ცუდი კანონი. რაც შეეხება იმას, რომ ერთადერთი გადახდის საშუალება არის ლარი, კი ბატონო, არავის არ აქვს უფლება ანგარისშწორება მოახდინოს დოლარში. ეს კანონი ყველას გაუმწარებს ცხოვრებას. მიიღებთ უამრავ პრობლემას პირველივე თვეში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილება.