ყველა ინსტრუმენტი, რასაც ახლა მთავრობა გვთავაზობს, ბიზნესის და ეკონომიკური თავისუფლების საწინააღმდეგოა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ბიზნესი გაჩუმდეს, ეს ბიზნესაქტივობას შეამცირებს და ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დედოლარაზაციის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების კომენტირებისას განუცხადა.
ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით, ასევე, სესხისთვის (გარდა იპოთეკურისა) პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
„დედოლარიზაციისთვის ყველაზე საუკეთესო არის სტაბილური და სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ყველა ქვეყანაში, სადაც ეს წარმატებით მოხდა - იყო ეს პოლონეთი, ჩილე, ისრაელი თუ საქართველოს საკუთარი გამოცდილება, როცა დოლარიზაციის მაჩვენებელი იკლებდა - ეს ხდებოდა მხოლოდ სტაბილური, სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ყველა ინსტრუმენტი, რასაც ახლა მთავრობა გვთავაზობს, ეს არის ბიზნესის და ეკონომიკური თავისუფლების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ბიზნესი გაჩუმდეს და მთავრობის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოხატოს, დამერწმუნეთ, რომ ეს ბიზნესაქტივობას კიდევ უფრო შეამცირებს და ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი. რაც არ უნდა პოპულარული ჩანდეს ახლა საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესება და ხალხს მოსწონდეს, რომ დავსაჯოთ ბანკები და მიკროსაფინანსოები, ვინაიდან აგრესია ახლა მათზე არის გადასული, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ინიციატივები ყველა ადამიანს, ვისაც სესხის აღება უწევს, ლომბარდებისკენ, კიდევ უფრო გაღარიბებისკენ, კიდევ უფრო მძიმე ვალებში ჩაგდებისკენ უბიძგებს. ის, რაც ჩვენ ახლა მოკლევადიანად პოპულარული გვგონია, სინამდვილეში, 6-7 თვეში ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება მთლიანად ეკონომიკისთვის და ძალიან ბევრი ოჯახისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.