ლიხტენშტაინთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ამოქმედდა.როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.
სამინისტროს ინფორმაციით, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
„შეთანხმების ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. ასევე, შეთანხმების მიზანია, გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთა, რაც საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით მიიღწევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 54 ქვეყანასთან (დეტალები იხილეთ www.mof.ge).