ბატონო ნიკოლოზ, მესმის, რომ თქვენ მთავრობამ შეუძლებელი მისია დაგავალათ, რომ ეს კანონი „გააპრავოთ“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ გაგუას იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ნიკოლოზ გაგუამ ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომელიც დედოლარაზიაციის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებს მოიცავს.
„ბატონო ნიკოლოზ, მესმის, რომ თქვენ მთავრობამ შეუძლებელი მისია დაგავალათ, რომ ეს კანონი გააპრავოთ, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ რასაც თქვენ ახლა უძრავ ქონებაზე ამბობთ, საზოგადოებას, რომ ჩვეულებრივ ყოფით დონეზე ავუხსნათ - იმის გამო, რომ ეკონომიკა მოკვდა და უძრავი ქონების ბაზარი კვდება, რა თქმა უნდა, ვისაც გაყიდვა უნდა, დოლარში ფასს უფრო დაბლა სწევს იმიტომ, რომ არაფერი იყიდება, შესაბამისად, თუ ამ ნაკლებ დოლარს ლარებში გადავიყვანთ, თქვენ შეგიძლიათ მაგ ტრიბუნიდან ამტკიცოთ, რომ ლარში უძრავი ქონების ფასი სტაბილურია, მაგრამ ეს არის იმ დონის გაპრავება, რომელსაც თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე არ უნდა კადრულობდეთ, პირდაპირ გეუბნებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
დეპუტატის საპასუხოდ, ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე სტაგნაცია არ შეიმჩნევა.
„უძრავი ქონების ბაზრის დინამიკის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ „საქსტატიდან“. ამ ბაზარზე სტაგნაცია არ შეიმჩნევა. ჩვენ არა მარტო „საქსტატიდან“ ვიღებთ ზოგადად ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს პირადი ინფორმაციებიც. ბევრი ნაცნობი, მეგობარი არის ამ სექტორში და ეს ამ სექტორის დინამიკასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის განმავლობაში ვერ ვიტყვით, რომ ეს სექტორი არის რაღაც კატასტროფულ მდგომარეობაში. მითუმეტეს, იმ ფონზე, რაშიც ვითარდება ჩვენი ეკონომიკა საგარეო ფაქტორებს ვგულისხმობ“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.