ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე ხუთი ორგანიზაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს თხოვნით მიმართავს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს აუქციონიდან მოხსნის თაობაზე.ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ 36 თვის ვადაზე გაწერილი სარემონტო სამუშაოები დააზარალებს რეგიონში მცხოვრები 10 ათასი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეებს, რადგანაც აჭარაში აღნიშნული პროფილით მომუშავე ერთადერთი კლინიკაა.
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 2016 წლის 16 დეკემბერს, ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა აჭარის რეგიონში არსებული ერთადერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც ასევე ფუნქციონირებს ამბულატორიული და კრიზისული სამსახურები.
პროექტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ მოცემული პირობებით აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ აჭარაში მცხოვრები ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით მოსარგებლე, სულ მცირე, ათი ათასამდე პირი, ფსიქიატრიული მომსახურების გარეშე დარჩეს, ვინაიდან: აუქციონის პირობებით დაწესებულებისთვის ფსიქიატრიული პროფილის შენარჩუნება, მხოლოდ 10 წლის ვადითაა განსაზღვრული. აუქციონის საწყისი ფასი 100 000 ლარი არის სიმბოლური და ვერ უზრუნველყოფს ქონების ადეკვატური ღირებულებით გასხვისებას. ამასთან, სარემონტო სამუშაოები სამ წელზეა გაწერილი და ლარის დღევანდელი ღირებულებისა და მისი გაუფასურების ტენდენციიდან გამომდინარე 1 000 000 ლარის ინვესტიცია ვერ დააკმაყოფილებს კლინიკის ელემენტარულ საჭიროებებს.
აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აუქციონის პირობებში „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციის“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრინციპები არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შეჩერდეს აუქციონი და ხელისუფლებამ ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების დაწყება უზრუნველყოს.
იმედს, ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მოლაპარაკება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების საკეთილდღეოდ შემობრუნდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წერილი მომზადებულია ხუთი ორგანიზაციის მიერ - „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“ და „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“.
აღნიშნული ორგანიზაციები წერილს უგზავნიან საქართველოს პრემიერ მინისტრს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და საქართველოს სახალხო დამცველს.